воскресенье, 2 ноября 2008 г.

სამეგრელო

სამეგრელო საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილი, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.

მეგრული სამზარეულო
მეგრული სამზარეულო განთქმულია გემრიელი საჭმელებით: სულგუნი, ღომი, ელარჯი, მეგრული ხაჭაპური, შებოლილი სულგუნი, მეგრული ხარჩო და სხვა.მეგრული კერძები გამოირჩევა თავისი სიცხარით, აქ უხვად ხმარობენ სანელებლებსა და წიწაკას. მეგრული ხაჭაპური კი ყველის სიუხვით. მოგეხსენებათ ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტი ყველია, ამიტომაც გავეცანით სულგუნის მომზადების წესს: ახალამოყვანილ ყველს ვაჩერებთ გარკვეულ დრომდე, როცა ყველი აფუვდება. დავჭრით გრძლად და შემდეგ ადუღებულ წყალში ჩავყაროთ და ჩავზილოთ კარგად მთლიანი მასის მიღებამდე. წყლიდან ამოღების შემდეგ ხელით ვაძლევთ სასურველ ფორმას. შემდეგ დავაყრით მარილს. მასის გამაგრების შემდეგ ის მზადაა.
შებოლილი სულგუნის შემთხვევაში სულგუნს ჩამოკიდებენ კვამლის თავზე. გარკვეული დროის შემდეგ, როცა სულგუნის ზედაპირი მიიღებს მუქყავისფერ ფერს, იგი მზადაა.



მეგრული ხაჭაპური

მასალა: 1კგ ფქვილი, 30-50გ საფუარი, 2 ჩაის ჭიქა წყალი ან რძე, 5 სუფრის კოვზი ცხიმი, 3-4 ცალი კვერცხი ცომისთვის, 1კგ ყველი, 2-3 ცალი კვერცხი შიგთავსისთვის.

მომზადება: გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით შიგ საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ცხიმი შემდეგ მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დადგით თბილ ადგილას 3-4 საათი. დაფშვენით ყველი დაუმატეთ კვერცხი და ცოტაოდენი ცხიმი. გააბრტყელეთ ცომი მიეცით მრგვალი ფორმა,მოათავსეთ ზედ ყველის მასა მოუკარით პირი ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ გახეხილი ან წვრილად დაფშვნილი ყველი. შედგით გასქურაში და გამოაცხვეთ.